კულტურული კუთვნილების დაცვისა და შენარჩუნების სფეროში სამომავლო თანამშრომლობის მექანიზმების ამოქმედების მიზნით, საქართველოსა და აშშ -ს მთავრობებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი დღეს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა და აშშ-ის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების კომისიის თავმჯდომარემ, პოლ პაკერმა მოაწერეს.
მიხეილ ბატიაშვილი - „ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი პარტნიორია განათლების მიმართულებით. ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში, სკოლის რეფორმის, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით უმნიშვნელოვანესი პროექტები ხორციელდება. დღეს კი, ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს, რომელიც გულისხმობს სწორედ ამ თანამშრომლობის გაღრმავებას და ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩვენ საიმედო პარტნიორთან განათლების შემდეგ, კულტურული მეკვიდრეობის მიმართულებითაც გაგრძელდება თანამშრომლობა“.
პოლ პაკერის განცხადებით, მემორანდუმი კიდევ ერთხელ ადასტურებს თუ რა დიდი და მჭიდროა თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის, როგორ აფასებს ამერიკის მთავრობა საქართველოს და მხარს უჭერს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით. მისივე თქმით, საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის გათვალისწინებით, მემკვიდრეობის დაცვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ქვეყნისთვის.