საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, გიორგი ვაშაკიძე, ხელისუფლების წარმომადგენლების მოსახლეობასთან ღია დიალოგის ფარგლებში, იმერეთის გუბერნატორთან, ზვიად შალამბერიძესთან და პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ზვარე, ვარძია და ვერტყვიჭალაში ჩავიდა.
შეხვედრაზე გიორგი ვაშაკიძემ მოსახლეობას ბოლო პერიოდში განათლების სფეროში გახორციელებული ყველა მნიშვნელოვანი სიახლე გააცნო და მათ შეკითხვებს უპასუხა პედაგოგთა და სკოლის ადმინისტრაციის ხელფასების ზრდასთან, სკოლების ინტერნეტიზაციასთან, სოციალური პროგრამის ფარგლებში სტუდენტების დაფინანსებასთან და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით.
მინისტრის მოადგილემ პირადად მოინახულა სოფლის სკოლები და ამ სკოლების საჭიროებებით დაინტერესდა. პრობლემები ძირითადად სასკოლო ინფრასტრუქტურის კუთხით გამოიკვეთა, მათი დროულად გადაჭრის პირობა გიორგი ვაშაკიძისაგან სასკოლო საზოგადოებამ იქვე მიიღო.
წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტს სასკოლო ინფრასტრუქტურისთვის 410 000 ლარი გამოეყო, რომელიც ათ სკოლაზე გადანაწილდა და მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ უკვე ხორციელდება სარეაბილიტაციო სამუშაოები. დაწყებულია 150 ბავშვზე გათვლილი კიცხის საჯარო სკოლის პროექტირება-მშენებლობა (ღირებულება 2 470 043 ლარი). ყველა სკოლას, სადაც ამის საჭიროებაა ემსახურება სასკოლო ტრანსპორტი.
ღია დიალოგის ფორმატში, რეგიონის მოსახლებასთან შეხვედრების მთავარი მიზანი ჯერ კიდევ არსებული პრობლემების გაცნობა და მათი მთავრობის მიერ 2020 წლისთვის გადასაჭრელ საკითხთა ნუსხაში ასახვაა.