9 სექტემბერს, ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში დაიწყო საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ ორგანიზებული მენტორ-ინსტრუქტორთა ტრენინგი. ტრენინგს ჩაატერებნ DB Training, Learning &Consulting-ის დუალური სწავლების მეთოდოლოგიის გამოცდილი ტრენერები.
სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი ახორციელებს სარკინიგზო ინდუსტრიის 8 დუალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას. სწორედ სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ხარისხიანად წარმართვისთვის დაიგეგმა და ხორციელდება მენტორ-ინსტრუქტორების გადამზადება, რომლებიც ამ პროექტისთვის საქართველოს რკინიგზამ წინასწარ დადგენილი კრიტერიუმებით შეარჩია. ღონისძიების ფარგლებში სულ 40 პროფესიონალი პირი გადამზადდება. ისინი გაუძღვებიან როგორც პროფესიული სტუდენტების პრაქტიკულ კომპონენტს საქართველოს რკინიგზის საწარმოებში, აგრეთვე მომავალში საჭიროების მიხედვით გადაამზადებენ ინსტრუქტორთა ახალ ნაკადს. ტრენერები გადამზადდებიან 2 ნაკადად. პირველი ნაკადი ჩატარდება 2019 წლის 9-16 სექტემბერს, ხოლო მეორე - 2019 წლის 23-დან 27 სექტემბრამდე.
ღონისძიების გახსნას კოლეჯის კოლექტივთან და DB Training, Learning &Consulting-იდან მოწვეულ ტრენერებთან ერთად ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის, სსიპ ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის, მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და სს საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლები, რომლებმაც იმსჯელეს პროფესიული განათლების განვითარების პრიორიტეტების შესახებ და მნიშვნელოვნად მიიჩნიეს დუალური სწავლებისთვის ინსტრუქტორთა ტრენინგის ორგანიზება.