საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ირინა აბულაძე, მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა გაბუნიასთან და საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელ, ზვიად როსტომაშვილთან ერთად, თბილისის 138-ე და 114-ე საჯარო სკოლაში დაგეგმილ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო და მშობლების და სკოლის პედაგოგების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
თბილისის N138 საჯარო სკოლის ახალი შენობის მშენებლობას საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო განახორცილებს და ბიუჯეტი 10 მილიონი ლარი იქნება. პროექტის ფარგლებში ძველი სკოლის დემონტაჟი განხორციელდება, სანაცვლოდ კი, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად აშენდება 650 მოსწავლეზე გათვლილი ახალი შენობა.
სასწავლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით, 2019-2020 სასწავლო წლიდან მოსწავლეები სწავლას ქალაქ თბილისის N48 საჯარო სკოლაში გააგრძელებენ. სამშენებლო სამუშაოები 2020 წლის დეკემბერში დასრულდება.
114-ე საჯარო სკოლის ახალი შენობის მშენებლობას ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის (CEB) ფინანსური დახმარებით მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.სამშენებლო სამუშაოების დასრულება 2021 წლის ივნისში იგეგმება.