ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა, საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და ქალაქ თბილისის მერმა კახი კალაძემ ევროპული სკოლის კომპლექსის მშენებლობის ადგილას სიმბოლური კაფსულა ჩადეს.
მანამდე, ევროკომისარი იოჰანეს ჰანი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი ევროპული აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნებიდან ბაკალავრიატის მოსწავლეებს შეხვდნენ. შეხვედრა „ახალი სკოლის" ბაზაზე გაიმართა, რომლის საპილოტე ეტაპი 2018 წელს დაიწყო და ის ევროკავშირის ფარგლებს გარეთ პირველ პრეცედენტს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ 30 მოსწავლე, ევროკავშირთან თანამშრომლობის მასშტაბური პროექტის პირველ ფაზაში, პროგრამას „ახალი სკოლის“ ბაზაზე გაივლიან. ამავე ტერიტორიაზე სტუმრებმა საერთო საცხოვრებელი დაათვალიერეს.
100 მოსწავლეზე გათვლილი ევროკავშირის სტანდარტების ახალი ევროპული სკოლა და საერთო საცხოვრებელი 26099 კვ.მ მიწის ნაკვეთზე აშენდება, რომელიც თბილისის მერიამ გამოყო.
ევროპულ სკოლას რეგიონში ანალოგი არ ეყოლება და იგი ევროკავშირის ფარგლებს გარეთ პირველ პრეცენდენტს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სკოლის დაფუძნება ევროკავშირისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ("აღმოსავლეთ პარტნიორობა – 20 ძირითადი მიზანი 2020 წლისათვის“) ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს. სკოლა ექვსი პარტნიორი ქვეყნის (აზერბაიჯანი, ბელორუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა) მოსწავლეებს მულტიკულტურული გარემოსა და ფუნდამენტურ ღირებულებებზე დაფუძნებული ევროპული მაღალი ხარისხის განათლებას შესთავაზებს, რაც გაზრდის მათი დასაქმების შესაძლებლობებს.
ევროპული სკოლის საპილოტე, პირველი ეტაპი 2018 წელს „ახალი სკოლის“ ბაზაზე დაიწყო. ამავე ტერიტორიაზე აშენდა საერთო საცხოვრებელიც. მშენებლობა მთლიანად ევროკომისიამ დააფინანსა. 2019 წლიდან, პარტნიორი ქვეყნებიდან შესაბამისი საკონკურსო პირობებით შერჩეული 16-17 წლის 75 მოსწავლე საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) სადიპლომო პროგრამაზე ისწავლის. სკოლის სრულფასოვნად ამოქმედების შემდეგ, დაგეგმილია სწავლების ევროპული სისტემის შინაარსისა და კონცეფციების ინტეგრაცია საქართველოს ეროვნულ სასწავლო გეგმაში, ორმაგი დიპლომის შეთავაზება სტუდენტებისთვის და საქართველოს განათლების სისტემის მიერ ევროპული სკოლის (ES) სპეციფიკური საშუალო საფეხურის სასწავლო კურიკულუმის აღიარება ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.
გარდა სასკოლო კომპლექსის ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისა, ევროკავშირი გააგრძელებს სასწავლო გრანტების გამოყოფას, უზრუნველყოფს მასწავლებელთა პროფესიულ გადამზადებას და ხელს შეუწყობს სასწავლო კურიკულუმის დახვეწა/შემუშავებას.
სკოლა სრულფასოვნად 2023 წლის სექტემბერში დაიწყებს ფუნქციონირებას და საქართველოს ევროკავშირის თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითი იქნება.