19.09.2019
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა
ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატიდან ტრიუმფალური შედეგით დაბრუნდა.
ყაზახეთის დედაქალაქ ნურ სულთანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, ბერძნულ-რომაული
სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა 2
ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედალი, ასევე 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების 2
ლიცენზია მოიპოვეს, გუნდურ ჩათვლაში კი მესამე ადგილი დაიკავეს.
მსოფლიოს ჩემპიონები 55 და 82 კილოგრამ წონით კატეგორიებში - ნუგზარ წურწუმია და
ლაშა გობაძე გახდნენ, ბრინჯაოს მედალს კი იაკობ ქაჯაია (130 კგ) დაეუფლა. ოლიმპიური
ლიცენზიები იაკობ ქაჯაიასთან ერთად, 97 კგ. წონით კატეგორიაში მოჭიდავე გიორგი მელიამ მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მსოფლიოს
ჩემპიონი 2007 წლის შემდეგ აღარ ჰყოლია (2007 წელს მსოფლიო ჩემპიონები დავით
ბედინაძე და რამაზ ნოზაძე გახდნენ, ბრინჯაოს პრიზიორი კი ბადრი ხასაია).
მსოფლიო ჩემპიონატიდან ისტორიული შედეგით დაბრუნებულ საქართველოს ბერძნულ-რომაული
სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებს და
მწვრთნელებს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გულშემატკივრებთან და
ჟურნალისტებთან ერთად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის
მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი
დოლაბერიძე, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, ვიცე-პრეზიდენტი მამუკა
ხაბარელი და ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე დახვდნენ.
ყაზახეთის დედაქალაქ ნურ სულთანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე 19-22 სექტემბერს
მედლებისთვის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრები იბრძოლებენ.