საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შსს პოლიციის აკადემიის მხარდაჭერით, თბილისის 207-ე საჯარო სკოლისა და ანსამბლ ”მგზავრების” გუნდებს შორის ფეხბურთში შეჯიბრება გაიმართა. ამხანაგური შეხვედრის ბოლოს ”მგზავრებმა” კონცერტი გამართეს. ღონისძიებას განთლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და შსს პოლიციის აკადემიის რექტორი ხატია დეკანოიძე დაესწრნენ.
207-ე საჯარო სკოლის ფეხბურთის ნაკრებმა, გასულ წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ, თბილისის სკოლებს შორის ფეხბურთის ჩემპიონატში გაიმარჯვა. ასპარეზობის პირველ და მეორე ადგილზე გასულ გუნდებს შინაგან საქმეთა მინისტრმა პირადად გადასცა ჯილდოები.
11 ივლისს 207-ე სკოლის გუნდს გლდანის სხვა სკოლების მოსწავლეები გულშემატკივრობდნენ. შეხვედრის შემდეგ ბავშვებმა პოლიციის აკადემია დაათვალიერეს, გაეცნენ როგორ მიმდინარეობს აკადემიაში მანდატურთა გადამზადების პროცესი.
ანალოგიური ერთობლივი ღონისძიებები და სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტების განხორციების პროცესში სხვადასხვა უწყებებისა და ორგანიზაციების მხარდაჭერა ძალზე მნიშვნელოვანია. შსს პოლიციის აკადემიაში მოწყობილმა ამ კონკრეტულმა ღონისძიებამ მოზართა დიდი მოწონება დაიმსახურა. ასეთი შეხვედრები, სწავლასთან ერთად, მომავალში ხელს შეუწყობს სპორტით მათ დაინტერესებას.