საქართველოს განათლების, მეცნიერების, კუტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე, რომელიც ბრიუსელში საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება, ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და ინსტიტუციების მშენებლობის დირექტორატის ხელმძღვანელს ლოურენს მერედიტს შეხვდა და საქართველოს ზოგადი განათლების სისტემაში ევროპული სკოლის პროექტის და ევროპული მოდელის საჯარო სკოლებში დანერგვის საკითხები განიხილა.
ევროკომისიის წარმომადგენელთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში პირველი ევროპული სკოლის გახსნას. ირინა აბულაძის თქმით, აღნიშნული სკოლის მოდელი საქართველოს საჯარო სკოლებში იქნება გადატანილი, რადგან სკოლებში ევროპული მიდგომების, ღირებულებებისა და სტანდარტების დანერგვა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. შესაბამისად, სწორედ ამ სტანდარტებით განხორციელდება როგორც პედაგოგების გადამზადება, ასევე სასწავლო რესურსების შექმნა და პროცესში სამინისტროს მჭიდრო და მუდმივი თანამშრომლობა აქვს ევროპელ კოლეგებთან.
შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა ასევე მიმდინარე „ახალი სკოლის მოდელის“ პროექტზე, რომელიც მოსწავლის განვითარებაზე ორიენტირებულ სასწავლო გეგმების შემუშავება-დანერგვას, სწავლა-სწავლების პროცესში ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირებას და წინსვლისა და განვითარების ხელშემწყობი შეფასების სისტემის შექმნას გულისხმობს.
ევროპული სკოლის საპილოტე, პირველი ეტაპი 2018 წელს „ახალი სკოლის“ ბაზაზე დაიწყო. ამავე ტერიტორიაზე აშენდა საერთო საცხოვრებელიც. მშენებლობა მთლიანად ევროკომისიამ დააფინანსა. 2019 წლიდან, პარტნიორი ქვეყნებიდან შესაბამისი საკონკურსო პირობებით შერჩეული 16-17 წლის 75 მოსწავლე საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) სადიპლომო პროგრამაზე ისწავლის. საქართველოში პირველი ევროპული სკოლა ევროკავშირის ფარგლებს გარეთ პირველ პრეცედენტს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სკოლის დაფუძნება ევროკავშირისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ("აღმოსავლეთ პარტნიორობა – 20 ძირითადი მიზანი 2020 წლისათვის“) ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს. სკოლა მიზნად ისახავს სკოლა ექვსი პარტნიორი ქვეყნის (აზერბაიჯანი, ბელორუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა) მოსწავლეებს მულტიკულტურული გარემოსა და ფუნდამენტურ ღირებულებებზე დაფუძნებული ევროპული მაღალი ხარისხის განათლებას შესთავაზებს, რაც გაზრდის მათი დასაქმების შესაძლებლობებს. ეს ყველაფერი თანხვედრაშია განათლების კომპლექსურ რეფორმასთან, რომელიც საქართველოში ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს.