„მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი - 2019“ გრძელდება. ფესტივალის ფარგლებში, ყველაზე უჩვეულო სამეცნიერო პიკნიკი თელავისა და ქუთაისის შემდეგ, ბათუმში გაიმართა.
პიკნიკში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, საქართველოს თითქმის ყველა წამყვანი სახელმწიფო უმაღლესი სასწავლო დაწესებულება, სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და ორგანიზაცია მონაწილეობდა, რომელთაც “სამეცნიერო შოუ“ და სხვადასხვა გამოფენები წარმოადგინეს. სანახაობა ყველა ასაკის დამთვალიერებლის ინტერესებზე იყო მორგებული. პიკნიკზე სტუმრებმა უამრავი საინტერესო სამეცნიერო ექსპერიმენტი, გამოგონება, სახალისო ვიქტორინა და ფსიქოლოგიური ექსპერიმენტი იხილეს, იყო პრეზენტაციები, პერფომანსები, სახალისო ცდები ქიმიიდან, ფიზიკიდან, ბიოლოგიიდან და ა.შ. მოზარდებს შესაძლებლობა ჰქონდათ თავად ჩაეტარებინათ მსგავსი ექსპერიმენტები და მათთვისაც თვალსაჩინო გამხდარიყო ბევრი მანამდე ამოუხსნელი მოვლენა.
ღონისძიების ფარგლებში, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ორგანიზებით, საერთაშორისო საზღვაო უნივერსიტეტების ლექტორთა ასოციაციის (IMLA) რიგით 26-ე საერთაშორისო კონფერენცია და რამდენიმე სამეცნიერო ღონისძიებაც გაიმართა.