საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი „ზოგადი განათლების რეფორმის მხარდამჭერი“ პროგრამის განმახორციელებელ გუნდთან ერთად იმ სკოლების დირექტორებს შეხვდა, რომელთა სკოლები „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში დღეიდან პროექტში ჩაერთვებიან.
მიხეილ ბატიაშვილმა სკოლის დირექტორებს მიმდინარე რეფორმები გააცნო და აღნიშნა, რომ „ახალი სკოლის“ მოდელი რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რომელიც სკოლებში წარმატებით მიმდინარეობს და ორიენტირებულია არა მხოლოდ ცოდნის გადაცემაზე, მოსწავლეებში კრიტიკული, კომპლექსური აზროვნების განვითარებაზე.
შეხვედრაზე მინისტრმა ხაზი გაუსვა თავად პროექტის მიზანს, მოსალოდნელ შედეგებს და აღნიშნა, რომ პროექტის მიმდინარეობის პროცესში მონდომებასა და თანამშრომლობას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება - იმ სკოლებში სადაც დირექტორების ჩართულობა მაღალია, შედეგიც განსაკუთრებულად მაღალია.
„ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ რამდენიმე წელიწადში სრულიად ახალი განათლების სისტემა მივიღოთ. „ახალი სკოლის მოდელის“ პროექტი უკვე ძალიან წარმატებულია და დარწმუნებული ვარ, რამდენიმე წელიწადში ეს მომავალ თაობებში აუცილებლად აისახება. ჩვენ მუდამ მზად ვართ თქვენს გვერდით ვიდგეთ, რადგან ჩვენი მიზანია, თითოეული სკოლისა და კლასის დონეზე მივიღოთ მაღალი შედეგი“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა დირექტორებთან შეხვედრაზე.
ახალი სკოლის მოდელში“ დღეიდან კიდევ 100 საჯარო სკოლა ჩაერთვება. შესაბამისად, სკოლის დირექტორთან საინფორმაციო შეხვედრის მიზანს წარმოადგენს როგორც პროექტში ახლადჩართული საჯარო სკოლების დირექციისთვის დაგეგმილი აქტივობების გაცნობა, ასევე მოლოდინების ურთიერთგაზიარება.
2019-2020 სასწავლო წლის I სემესტრიდან პროექტის განხორციელება აჭარის, გურიის, აფხაზეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის, იმერეთის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა და ქვემო ქართლის 100 საჯარო სკოლაში დაიწყება.
პროექტის მისიაა სკოლებში პიროვნებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს ჩამოყალიბება, რომელიც ყველა მოზარდს საკუთარი პოტენციალის რეალიზების საშუალებას მისცემს და XXI საუკუნის გამოწვევათა მისაღებად საჭირო ცოდნით შეაიარაღებს. გარდა ამისა, პროექტის მიზანია სასკოლო კულტურის განვითარება და სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესება. ამ მიზნების მისაღწევად პროექტის ფარგლებში შექმნილი მხარდამჭერი ჯგუფები პედაგოგებთან შემდეგი ძირითადი მიმართულებებით იმუშავებენ:
აღნიშნული პროცესების ხელშეწყობის მიზნით მოხდება სკოლების WiFi-ით სრული დაფარვა და კომპიუტერული ტექნიკით უზრუნველყოფა.
პროექტი „ახალი სკოლის მოდელი“ 2024 წლამდე ეტაპობრივად საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში განხორციელდება.