განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ირინა აბულაძე, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების - აბისის, კნოლევის, ავლევისა და ცერონისის მოსახლეობას, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა.
რეგიონებში სამუშაო შეხვედრები მთავრობის ინიციატივით იმართება და მისი მიზანია მოსახლეობისთვის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების გაცნობა, მათგან კი, ადგილზე არსებულ პრობლემებზე ინფორმაციის მიღება. შედეგად, 2020 წლისთვის ქვეყნის ბიუჯეტის ყველა მიმართულება მოსახლეობის ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით დაიგეგმება.
ირინა აბულაძემ შეხვედრებზე ვრცლად ისაუბრა სისტემაში გახორციელებულ მნიშვნელოვან ცვლილებებსა და მოსალოდნელ სიახლეებზე. დასასრულს კი, პედაგოგთა და მშობელთა კითხვებს უპასუხა.
ქარელის მუნიციპალიტეტში 36 სკოლა ფუნქციონირებს. ბოლო სამი წლის მანძილზე - აშენდა სოფლების ატოცისა და სამწევრისის თანამედროვე სტანდარტების სკოლები; სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა სოფლების ბებნისის, საღოლაშნის, კეხიჯვრის , საციხურის, ქვემო ხვედურეთისა და ხეობის სკოლებს; ცხრა სოფლის სკოლაში ცენტრალური გათბობა მოეწყო; შვიდ სკოლაში მოწესრიგდა სველი წერტილები; რამდენიმე სკოლის სახურავი გამოიცვალა და მოეწყო სპორტული მოედნები. სასწავლო პროცესს სკოლებში კვალიფიციური პედაგოგები წარმართავენ, რომლებიც ჩართულნი არიან სხვადასხვა პროექტებსა თუ ტრენინგებში.