განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და მინისტრის მოადგილე, გიორგი ვაშაკიძემ დავით ტვილდიანის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოს ევროპულ რეესტრში (EQAR -The European Quality Assurance Register for Higher Education) გაწევრიანება მოულოცეს. დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი არის ერთ-ერთი პირველი უმაღლესი სასწავლებელი საქართველოში, რომელიც EQAR-ში ბაზაში მოხვდა.
შეხვედრისას მინისტრმა ისაუბრა უნივერსიტეტის EQAR-ში გაწევრიანებასა და ქართული უმაღლესი განათლების ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან კიდევ უფრო დაახლოების მნიშვნელობაზე.
მიხეილ ბატიაშვილი: „გილოცავთ! დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი“ არის ერთ-ერთი პირველი, რომელიც ერთიან ევროპულ სივრცეში გაწევრიანდა! თქვენი პროგრამები და დიპლომები შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს, რაც ნიშნავს მეტ სანდოობას, მეტ შესაძლებლობებს, მეტ ევროპელ სტუნდეტსა და პარტნიორს. თქვენ გყავთ ძალიან ბევრი წარმატებული სტუდენტი და ერთიანი ევროპული სივრცე მათ კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას გაუჩენს.“
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ერთიან ევროპულ სამეცნიერო სივრცში, EURAXESS-ში, საქართველოს გაწევრინებას; მიხეილ ბატიაშვილის თქმით, ქართველ მეცნიერებს ექნებათ პირდაპირი წვდომა ევრაქსესის წევრ 40-ზე მეტი ქვეყნის სამეცნიერო ფონდებსა და მრავალმილიონიან კვლევით პროექტებზე, მათ შორის, პროგრამა “Horizon 2020“-სა და მის ქვეპროგრამებზე.
მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაკეძემ კი უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე გააცნო - მას შემდეგ, რაც სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სამედიცინო პროგრამები აკრედიტაციას გაივლიან, ისინი მსოფლიოში უმსხვილეს „FAIMER“-ის სამედიცინო ბაზაში მოხვდება. ეს კი ნიშნავს, რომ ქართული სამედიცინო სასწავლო პროგრამები შესაბამისობაში იქნება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტანდარტებთან და მათ ევროპაში, ამერიკასა და კანადაში აღიარებენ.
2019 წლის 27 ივნისს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრში (EQAR - The European Quality Assurance Register for Higher Education) დარეგისტრირდა (https://www.eqar.eu/register/agencies/agency/?id=59). EQAR-ში რეგისტრაციას წინ უსწრებდა ENQA-ს დადებითი შეფასება და სრული წევრის სტატუსის მოპოვება, რასაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2019 წლის აპრილში მიაღწია.
EQAR ევროპის სახელმწიფოების მთავრობებისა და დაინტერესებული მხარეების მიერ ერთობლივად დაფინანსებული საჯარო ინტერესების დამცველი ევროპული ორგანიზაციაა, რომელიც მხარს უჭერს უმაღლესი განათლების სფეროში გამჭვირვალობას და ნდობის ამაღლებას, ასევე ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეში განათლების აღიარებას.
საქართველო ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების სახელმწიფოთაშორისო ორგანიზაცია EURAXESS-ის წევრი ოფიციალურად მიმდინარე წლის 24 სექტემბერს გახდა.