საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტრომა ზვიად გაბისონიამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებს საქართველოს EURAXESS-ში გაწევრიანების დეტალები გააცნეს და იმ შესაძლებლობების შესახებ ისაუბრეს, რომლებიც საქართველოს მეცნიერების ერთიან ევროპულ სივრცეში გაწევრიანებით თითოეულ ქართველ მეცნიერს გაუჩნდება.
მიხეილ ბატიაშვილი - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
"მოგეხსენებათ, ორი კვირის წინ ბრიუსელში ხელი მოეწერა უმნიშვნელოვანეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, საქართველო ერთიანი ევროპული სამეცნიერო სივრცის Euraxess-ის წევრი გახდა. ეს გულისხმობს იმას, რომ ქართველ მეცნიერებს ეხსნებათ გზა იმ რესურსებზე, რომლითაც სარგებლობენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები. მათთვის ხელმისაწვდომი ხდება უმსხვილესი ევროპული ფონდები. ქართველ მეცნიერებს გაუჩნდათ შესაძლებლობა ითანამშრომლონ სხვადასხვა ევროპულ ინსტიტუციებთან, განახორციელონ ერთობლივი პროექტები. დღეს გვქონდა უმნიშვნელოვანესი შეხვედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებთან, რომელთაც გავაცანით ყველა ის შესაძლებლობა, რაც EURAXESS-ში გაწევრიანებით თითოეული მათგანს გაუჩნდება."
შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელმა ზვიად გაბისონიამ კი საქართველოში EURAXESS-ის ოფიციალური წარმომადგენლობის შესახებ ისაუბრა, რომელიც ქართველ მეცნიერებს დაეხმარება ყველა იმ ტექნიკური დეტალის გაცნობაში, რაც EURAXESS-ის სერვისებით სარგებლობისთვის არის აუცილებელი. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა საქართველოს სახელით აფხაზ მეცნიერებსაც ექნებათ.
ზვიად გაბისონია - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორი
"როგორც იცით, ერთი კვირის წინ დაფუძნდა EURAXESS-ის წარმომადგენლობა საქართველოში - EURAXESS Georgia. ჩვენ ინტენსიური შეხვედრები დავიწყეთ უნივერსიტეტებთან იმისათვის, რომ ქართველ მეცნიერებს პირდაპირი წვდომა ჰქონდეთ EURAXESS-თან, ავუხსნათ ყველა ის ტექნიკური დეტალი, რომლის მეშვეობითაც ისინი შეძლებენ ისარგებლონ ევროკავშირის მიერ გამოყოფილი უზარმაზარი ბიუჯეტით - თქვენ იცით, რომ ჯამური ბიუჯეტი დაახლოებით ასი მილიარდია და EURAXESS -ის პლათფორმაზე დღეს მიმდინარე კონკურსების ბიუჯეტი დაახლოებით ორი მილიარდ ევროს შეადგენს. პასიურ რეჟიმში დარეგისტრირება დღეიდან უკვე შესაძლებელია, ხოლო იანვრიდან ამოქმედდება ახალი ვებგვერდი - EURAXESS Georgia, რაც მეცნიერებს საშუალებას მისცემთ ქართულ, ინგლისურ და აფხაზურ ენებზე მონაწილეობა მიიღონ კონკურსებში. აფხაზ მეცნიერებს, კონკურსში მონაწილეობის მიღება საქართველოს დროშის ქვეშ შეეძლებათ.“
საქართველო ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების სახელმწიფოთაშორისო ორგანიზაცია EURAXESS-ის წევრი ოფიციალურად მიმდინარე წლის 24 სექტემბერს გახდა. შესაბამის დოკუმენტს ხელი ბრიუსელში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორმა ზვიად გაბისონიამ და ევროპული კომისიის კვლევებისა და ინოვაციების გენერალური დირექტორის მოადგილე პატრიკ ჩაილდმა მოაწერეს.