პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება დაიწყო. სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის პერსონალური კომპიუტერი გლდანი-ნაძალადევის 201 მეათეკლასელს გადაეცა.
პროგრამა “ჩემი პირველი კომპიუტერი” 2009 წლიდან წარმატებით ხორციელდება. პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე). მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს. თანამედროვე ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის გაზრდა ნიჭიერ და შრომისმოყვარე მოზარდებს წარმატების მიღწევის კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს.
წარჩინებული მოსწავლეების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. წელს პერსონალურ კომპიურეტს საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლების 3857 მოსწავლე მიიღებს. მოსწავლეთა წახალისების პროექტი მომავალშიც გაგრძელდება.