საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, „შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის“ გენერალურ დირექტორთან ზვიად გაბისონიასთან ერთად, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა და მათ პირადად გააცნო ის რეალური პერსპექტივები, რაც ქართულ სამეცნიერო წრეებს ერთიან ევროპულ სივრცეში გაწევრიანებით გაუჩნდება.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, მისი ამოცანაა ყველა პროფესორს მიაწოდოს ინფორმაცია, თუ როგორ უნდა გამოიყენონ ის შესაძლებლობები, რომლებიც ევროპულ სივრცეში სამეცნიერო კუთხით არსებობს.
„ჩვენი ამოცანაა ყველა უნივერსიტეტში, ყველა პროფესორს, გავაგებინოთ რა შესაძლებლობები არსებობს ევროპულ სივრცეში სამეცნიერო კუთხით და დავეხმაროთ ამ შესაძლებლობების გამოყენებაში. ეს პროცესი გაგრძელდება, არ იქნება ერთჯერადი და ყველას მივაწვდით ინფორმაციას, როგორ მიიღოს ის ბენეფიტი, რასაც წევრობა გულისხმობს“, - განაცხადა მინისტრმა.