განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში (მის.: სანაპიროს ქ.#4) გაიმართა წიგნის „დედამიწიდან ვარსკვლავებამდე“ პრეზენტაცია. ღონისძიებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსი ნანა დოლიძე და საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილი უძღვებოდნენ.
მსოფლიოს პოეტ ქალთა ანთოლოგია „დედამიწიდან ვარსკვლავებამდე“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და მწერალთა კავშირის მხარდაჭერით, გამომცემლობა „მერანმა“ გამოსცა და იგი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის, სხვადასხვა ეპოქის 100-ზე მეტი პოეტი ქალის პოეზიას აერთიანებს. სიმბოლურად გადმოსცემს პოეტების დამოკიდებულებას სიყვარულზე, სევდაზე, ომზე, გულგრილობასა თუ ღალატზე.
წიგნი მხატვარმა რუსუდან ფეტვიაშვილმა დაასათაურა. პროექტზე მუშაობდნენ მაყვალა გონაშვილი, ალექსანდრე ელერდაშვილი, ემზარ კვიტაიშვილი, ნანა ცინცაძე და ია სულაბერიძე.