საქართელოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და მინისტრის მოადგილემ ირინე აბულაძემ საქართველოში საფრანგეთის ახალ ელჩთან დიეგო კოლასთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საელჩოს წარმომადგენლები: კულტურის ატაშე ელეონორ გარნიე, საუნივერსიტეტო და სამეცნიერო თანამშრომლობის ატაშე ქეთევან ქურციკიძე, ლინგვისტური და საგანმანათლებლო სფეროს კოორდინატორი დავიდ ტორტრი.
მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა სტუმრებს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები გააცნო, რომლებიც განათლების ყველა საფეხურს მოიცავს. მან აღნიშნა, რომ ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში მნიშვნელოვანია ფრანგული ენის სწავლების გაძლიერება როგორც საჯარო სკოლებში, ასევე უმაღლესი განათლების საფერხურზე.
მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე, თავის მხრივ, სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების საკითხს შეეხო და ამ პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობის აუცილებლობას გაუსვა ხაზი. მისი თქმით, ფრანგული ენის სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით მნიშვნელოვანია ფრანგულ სასწავლო პროცესში დანარგილი სახელმძღვანელოების ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაცია. ელჩმა დიეგო კოლასმა ამ პროცესის მხარდასაჭერად მზაობა გამოთქვა.
შეხვედრაზე საუბარი აგრეთვე იმ სასტიპენდიო პროგრამებს შეეხო, რომლებსაც საფრანგეთის საელჩო საქართველოში ახორციელებს. დიეგო კოლასის თქმით, მათი პრიორიტეტი ახალგაზრდების ხელშეწყობაა. შესაბამისად, პროგრამები ძირითადად მოსწავლეებსა და სტუდენტებზე არის ფოკუსირებული. გარდა ამისა, საელჩოს პროგრამები ფრანგულენოვანი პროფესიორებისათვის ტრენინგებსა და მობილობის გრანტებსაც ითვალისწინებს. შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდთან თანამშრომლობით კი მეცნიერებისა და კვლევის ხელშეწყობისათვის ახალი პროგრამების გამოცხადება იგეგმება.
შეხვედრის დასასრულს მინისტრმა აღნიშნა, რომ ფრანგულ უნივერსიტეტებში არაერთი ქართველი ახალგაზრდა იღებს განათლებას. სამომავლოდ მნიშვნელოვანია, რომ მათ ორმაგი ხარისხის პროგრამების მრავალფეროვანი არჩევანი ქართულ უნივერსიტეტებში მიეცეთ. მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს მომავალი თანამშრომლობისთვის და კონკრეტული საკითხების დეტალურად განსახილველად მომდევნო შეხვედრებიც დაგეგმეს.