2020 წლის იანვრიდან, პირველად საქართველოში, ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის, „ლა ლიგა ბიზნეს სკოლის“ სპორტის მარკეტინგის 3 კვირიანი კურსი ჩატარდება. სტუდენტებს ლექციებს ქართველ ლექტორებთან ერთად ესპანეთის ბიზნეს სკოლის ექსპერტებიც წაუკითხავენ.
სპორტის მარკეტინგის კურსებთან დაკავშირებით სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“ პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე დაესწრო. სპორტული ფედერაციების წარმომადგენლებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს ინფორმაცია ლა ლიგა ბიზნეს სკოლის დირექტორმა ხოსე მოია გომესმა პირადად მიაწოდა.
დღესვე, ლა ლიგა ბიზნეს სკოლასა და საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს ლა ლიგა ბიზნეს სკოლის დირექტორმა ხოსე მოია გომესმა და სპორტის უნივერსიტეტის რექტორმა ჯემალ ძაგანიამ.
პროექტი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, არასამთავრობო სპორტული ორგანიზაცია სპორტ სოლუშენისა და ლა ლიგა ბიზნეს სკოლის თანამშრომლობით ხორციელდება.