ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაცია EURAXESS-ში საქართველოს ინტეგრაციასთან დაკავშირებით შეხვედრები გრძელდება. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი და „შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის“ გენერალური დირექტორი, ზვიად გაბისონია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებს შეხვდნენ და ის რეალური პერსპექტივები გააცნეს, რაც ქართულ სამეცნიერო წრეებს ერთიან ევროპულ სივრცეში გაწევრიანებით გაუჩნდება.
მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მეტი უნივერსიტეტი მოხვდეს ევროპულ სამეცნიერო სივრცეში. შესაბამისად, აუცილებელია დაინტერესებულმა მხარეებმა იცოდნენ ყველა ის მოთხოვნა და პირობა, რაც ამ მიმართულებით უნდა დაკმაყოფილონ.
„პირველი იანვრიდან ყველა ქართველი მეცნიერისთვის, უმაღლესი სასწავლებლისთვის და კვლევითი ინსტიტუტისთვის ერთიანი ევროპული სივრცე იხსნება, რომელიც თავისი ფონდებით უზარმაზარ რესურსს მოიცავს და დაახლოებით 2 მილიარდი ევროა ყოველწლიურად. ქართველმა მეცნიერებმა, ევროპელ მეცნიერებთან ერთად, უნდა აითვისონ რესურსი, რომელიც ერთიან ევროპულ სივრცეს გააჩნია“ - აღნიშნა მინისტრმა.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ვადაჭკორია-
„საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში ევროპასთან ინტეგრაციის მიმართულებით განვითარებულ მოვლენებს ცოტა ხნის წინ ვერავინ წარმოიდგენდა. უკანასკნელი ნაბიჯი, რომელიც EURAXESS-ში საქართველოს ინტეგრაციასთან დაკავშირებით გადაიდგა, ძალიან დიდ შესაძლებლობებს აძლევს ქართველ მეცნიერებს, ევროპელ მეცნიერებთან კოოპერაციით, დიდ წარმატებებს მიაღწიონ“.
საქართველო ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების სახელმწიფოთაშორისო ორგანიზაცია EURAXESS-ის წევრი ოფიციალურად მიმდინარე წლის 24 სექტემბერს გახდა. შესაბამის დოკუმენტს ხელი ბრიუსელში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორმა ზვიად გაბისონიამ და ევროპული კომისიის კვლევებისა და ინოვაციების გენერალური დირექტორის მოადგილე პატრიკ ჩაილდმა მოაწერეს.