საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, გრძელდება სსიპ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის მიერ ინიცირებული პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“, რომლის ერთ-ერთი მიზანია საქართველოში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობების ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში ინტეგრირების ხელშეწყობა.
პროექტის ფარგლებში, 23 ოქტომბერს ნინოწმინდის კულტურის ცენტრში გაიმართა სხვადასხვა სახის აქტივობა, მათ შორის აღინიშნა ცნობილი სომეხი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის - ჰოვანეს თუმანიანის საიუბილეო თარიღი (დაბადებიდან 150 წელი). ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ქართველმა და სომეხმა მწერლებმა, მეცნიერებმა და ხელოვანებმა - გივი შაჰნაზარმა, მაყვალა გონაშვილმა, ჟორა სნხჩიანმა, ბაღათერ არაბულმა.
ასევე გაიმართა ჰოვანეს თუმანიანის საიუბილეო წიგნი-ალბომის პრეზენტაცია, მისი შემოქმედების დღემდე გამოუქვეყნებელი ტექსტების საზოგადოებისათვის გაცნობა ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიციების მეშვეობით, ასევე მოეწყო საიუბილეო გამოცემაში შესული ილუსტრაციების ამსახველი
ფოტოგამოფენა.
პროექტის დასკვნითი ნაწილის ფარგლებში ჩატარდა შემაჯამებელი კონცერტი საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ცენტრისა და დედაქალაქიდან ჩასული მუსიკოს-შემსრულებლების მონაწილეობით. ადგილობრივ სკოლებსა და ბიბლიოთეკებს საჩუქრად გადაეცათ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული წიგნები.