საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილმა ბატიაშვილმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა „განათლება დასაქმებისთვის” (Skills4Jobs) პროგრამის მეორე ფაზა ოფიციალურად გახსნეს, სადაც საქართველოში პროფესიული განათლების მიმართულებით შრომითი ბაზრის შესაბამისობის კუთხით არსებული სიტუაცია, გამოწვევები და პერსპექტივები განიხილეს.
მიხეილ ბატიაშვილიმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებსა და პანრტიორებს, რომლებიც რეფორმის განხორციელების პროცესში სამინისტროსთან მჭიდროდ თანამშრომლობენ.
„განათლების კომპლექსური რეფორმის განსახორციელებლად, სამინისტრომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან 600 მილიონი ლარი მოიზიდა. ამ კუთხით, დღევანდელი დღეც განსაკუთრებულია, რადგან, პროექტი „დასაქმება და პროფესიული განათლება და გადამზადება“ II ფაზის ფარგლებში, ევროკავშირი და საქართველოს მთავრობა ახალ ხუთწლიანი პროგრამას იწყებენ, რომლის ბიუჯეტი 48.85 მილიონი ევროა (დაახლოებით 156 მილიონი ლარი). უმნიშვნელოვანესია, რომ პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს მასშტაბით შესაბამისი უნარებისა და პროფესიული განათლების, სწავლების, მეწარმეობის დარგში არსებული მომსახურების და საგანმანათლებლო შესძლებლობების თანხვედრას, მათ შორის ახალგაზრდებისთვის, ქალებისა და მოწყვლადი ჯგუფებისთვის“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.