საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ფინეთის საელჩოს საქართველოში და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს თანამშრომლობით ორგანიზებული სემინარი - „ინკლუზიური განათლება, სოციალური მეწარმეობა და დასაქმება“ გახსნა, სადაც ის გამოწვევები განიხილეს, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის პირთა უფლებებს, მათ განათლებასა და დასაქმება-რეალიზაციას უკავშირდება.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების განათლებისა და დასაქმების უფლების უზრუნველყოფის მიზნით, ერთობლივ სემინარზე, მონაწილეებმა ერთმანეთს ორი ქვეყნის გამოცდილება გაუზიარეს. ამასთან, გაიმართა დისკუსია ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან.
სემინარზე მოწვეული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ მოისმინათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა განათლების და დასაქმების მიმართულებით საქართველოში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია, ესაუბრათ სისტემებში არსებულ გამოწვევებზე.
ღონისძიებაში, რომელიც ინკლუზიური განათლების თითქმის ყველა მიმართულებას მოიცავდა, მონაწილეობდა როგორც თავად ფინეთის ელჩი საქართველოში ქალბატონი არია ინკერი მაკონენი, ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია, საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე და სხვა მოწვეული სტუმრები.
საქართველოში ფინეთის საელჩოსმოწვევით ფინეთში არსებული განათლების სისტემის შესახებ პრეზენტაციას გამართა საერთაშორისო ფინური სკოლის დირექტორმა ბატონმა იარკო ნირანენიმ, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების პროფესიული განათლებისა და დასაქმების ფინური მოდელის შესახებ ისაუბრა ტომას ტურმა - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დამცველმა (Advocacy Coordinator, Abilis Foundation).
ინკლუზიური განათლება სამინისტროსთვის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. 2019-2020 სასწავლო წელს პირველად, მინისტრის ბრძანებით, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე, 2019-2020 სასწავლო წლისათვის, პირველკლასელთა რეგისტრაციაში ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმად, რეგისტრაციის პირველ ეტაპზე უპირატესობა სწორედ საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს მიენიჭა. შემუშავდა და დაინერგა ინკლუზიური განათლების საინფორმაციო სისტემა და პროექტი - InclusiveEdu; ჩატარდა 500 - მდე საჯარო სკოლის ინდივიდუალური მონიტორინგი; მიმდინარეობს სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაზე აქტიური მუშაობა; განახლდა სკოლის ფსიქოლოგის, სპეციალური მასწავლებლისა და ინდივიდუალური ასისტენტის სტანდარტი; 2 წლიდან 6 წლის ჩათვლით, შემუშავდა ბავშვის ინტელექტის შეფასების ტესტი; დაინერგა ალტერნატიული და სენსორული კურიკულუმი. განხორციელდა პირველიდან-მეექვსე კლასის ჩათვლით ახალი სახელმძღვანელოების ანალიზი და არ არსებული ახალი ქართული ჟესტების შექმნა. მნიშვნელოვანია, რომ ახალი სკოლის მოდელში განხორციელდება ინკლუზიური განათლების ინტეგრაცია. 2020 წლისთვის, სამინისტრო ამ მიმართულებით მუშაობას აქტიურად გააგრძელებს.