პროექტის „კულტურა საზღვრებს გარეშე“ ფარგლებში, სოფელ მერეთის ადგილობრივ მოსახელობასთან ხელოვანებმა და მეცნიერებმა შეხვედრა გამართეს. ახალგაზრდებისთვის მოეწყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამების პრეზენტაცია, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის, საქართველოში ნაბეჭდი და ელექტრონული გამოცემების საარქივო ფონდების განყოფილების უფროსმა, მეცნიერმა მაია მიქაბერიძემ პრეზენტაცია მოაწყო თემაზე „ქართული წიგნის ისტორია“; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ფილოლოგიის დოქტორმა ნინო პოპიაშვილმა კი ახალგაზრდებთან ისაუბრა თემაზე: „ქართული მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურა თარგმანებში”; ღონისძიებების ფარგლებში გამოცემები გადაეცა სოფელ მერეთის საჯარო სკოლის ეზოში მდებარე „სკვერის ბიბლიოთეკას“, მოეწყო სხვადასხვა სახის გამოფენა, მწერალმა ბაღათურ არაბულმა გამართა შოთა ნიშნიანიძის 90 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოცემის პრეზენტაცია და ბოლო დროის ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება.
პროექტი მერეთში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქ. გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და გამომცემლობა „პალიტრა L“ - ის მხარდაჭერით განხორციელდა.