გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF) საქართველოში და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD), საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით, საქართველოში ზოგადი განათლების სისტემა შეაფასა და შესაბამისი ანგარიში წარმოადგინა.
ანგარიშში საუბარია საქართველოს ზოგადი განათლების სისტემის ძლიერ და სუსტ მხარეებზე, ასახულია დაინტერესებულ მხარეთა პოზიციები და შემოთავაზებულია პოლიტიკის კონკრეტული რეკომენდაციები.
კვლევამ გამოავლინა, რომ უკანასკნელ პერიოდში საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა საგანმანათლებლო შედეგების თვალსაზრისით. 2009-დან 2015 წლამდე პერიოდში საქართველოში 15 წლის მოსწავლეებმა გააუმჯობესეს სწავლა კითხვაში, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. თუმცა, ეს პროგრესი საქართველოში მოსახლეობის ყველა ჯგუფს თანაბრად არ შეეხო და არის პრობლემები, რომელთა გადაჭრის გზებზეც შესაბამისი რეკომენდაციებია შემუშავებული და გათვალისწინებული იქნება სამინისტროს საქმიანობაში.