„საქართველოს ყრუთა კავშირისა“ და მსოფლიო ყრუთა ფედერაციის (WFD) ორგანიზებით, საერთაშორისო ფორუმი „გაგება და გამოყენება“ გაიმართა. ფორუმი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ, ,,საქართველოს ყრუთა კავშირის“ პრეზიდენტთან ამირან ბატატუნაშვილთან და მსოფლიო ყრუთა ფედერაციის პრეზიდენტთან ჯოზეფ მიურეისთან ერთად გახსნა.
ფორუმი საქართველოში პირველად ჩატარდა და მიზანს მსოფლიო ყრუების და სმენადაქვეითებული საზოგადოების უფლებების დაცვა და ადვოკატირება წარმოადგერნს.
მინისტრის მოადგილის თქმით, მნიშვნელოვანია სისტემაში გაჩნდეს კვალიფიციური ჟესტური ენის სპეციალისტები და ყრუ მოსწავლეების მეტი ინტეგრაცია განხორციელდეს საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
„განათლების მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო წლებია მუშაობს ქართული ჟესტური ენის განვითარებაზე, მიმდინარეობს 1-6 კლასის ახალი სახელმძღვანელოების რევიზია და არ არსებული ახალი ჟესტების შექმნა, რაც მოსწავლეების განათლების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება.
სმენადაქვეითებული მოსწავლეების ინტეგრაციისთვის ქ. თბილისის 64-ე საჯარო სკოლაში სამინისტროს პროგრამული დაფინანსებით ფუნქციონირებს ინტეგრირებული კლასი, სადაც ხდება სმენადაქვეითებული მოსწავლეების სხვა მოსწავლეებთან ინტეგრაცია. გარდა ამისა, შევქმენით სატელეფონო აპლიკაცია რაც კიდევ უფრო აადვილებს მათთან კომუნიკაციას. სამინისტრო მომავალშიც ხელს შეუწყობს ჟესტური ენის განვითარებას, პოპულარიზაციას, მასწავლებლების კვალიფიკაციის გაზრდასა და მათი განათლების უწყვეტობის უზრუნველყოფას.“-განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.
ფორუმში მონაწილეობდნენ მსოფლიო ყრუთა ასოციაციების ელმძღვანელები და გამგეობის წევრთა სრული შემადგენლობა აშშ-ს, საფრანგეთს, გერმანიას, დანიას, იტალიას, ჰოლანდიას, ტაილანდს, მალაზიას, ინდოეთს და სხვა ქვეყნებიდან.
ფორუმს ასევე ესწრებოდნენ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.