ოფიციალური ვიზიტით იაპონიაში მყოფი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი იაპონიის განათლების, კულტურის, სპორტის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრს, ჰაგიუდა კოიჩის შეხვდა. შეხვედრაზე მინისტრებმა მომავალი თანამშრომლობის დეტალები განიხილეს.
ჰაგიუდა კიოჩიმ მიხეილ ჩხენკელს წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ საქართველოსა და იაპონიას შორის თანამშრომლობას უდიდესი პოტენციალი გააჩნია, მათ შორის ქართველი მეცნიერების, პროფესორებისა და სტუდენტების გაცვლითი პროგრამების შემუშავების კუთხით.
იაპონიის განათლების, კულტურის, სპორტის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრმა ჰაგიუდა კოიჩიმ ხაზი გაუსვა იაპონიაში ქართული ღვინისა და ქართველი სპორტსმენების - მორაგბეების, ტოჩინოშინისა და გაგამარუს პოპულარობას.
მიხეილ ჩხენკელმა იაპონურ მხარეს მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის და საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები გააცნო. მინისტრმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მნიშვნელობაზეც ისაუბრა, რომელიც მომავალ წელს ფუნქციონირებას დაიწყებს. ამ მიმართულებით, მიხეილ ჩხენკელმა მასპინძელ მხარეს იაპონიის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორების ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიურ და სამეცნიერო საქმიანობაში ჩართვა შესთავაზა.
შეხვედრის დასასრულს, მინისტრებმა იმედი გამოთქვეს, რომ აქტიური თანამშრომლობით, მხარეები სამომავლოდ მრავალ პროექტს განახორციელებენ.