საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია "Making the most of Georgia’s Association to Horizon 2020" გაიხსნა. კონფერენციას მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, თსუ რექტორის მოადგილე ნინო გვენეტაძე, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, ევროკომისიის წარმომადგენლები და ქართველი მკვლევრები ესწრებოდნენ.
აღნიშნული კონფერენციის მიზანია საქართველოს მიერ 2016 წელს „ჰორიზონტი 2020-ში“ ასოცირებულ წევრად გახდომიდან დღემდე მიღწეული შედეგების შეფასება, ასევე, ქართული ორგანიზაციებისათვის წარმატებული განაცხადების მოსამზადებლად პრაქტიკული რჩევების მიცემა და გამოცდილების გაზიარება. კონფერენციის ფარგლებში რამდენიმე სესია ჩატარდება, რომელთაგან ერთი მარია სკლადოვსკა-კიურის პროგრამასა და პრაქტიკულ ტრენინგს დაეთმობა პროგრამის შესაძლებლობების უკეთ გაცნობის მიზნით. ერთ-ერთ სესიაზე კი "ჰორიზონტი 2020" პროგრამის კონკურსებში გამარჯვებული ქართველი მკვლევრები დამსწრე საზოგადოებას თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ.
„კონფერენციას, რომელიც „ჰორიზონტ 2020-ის“ კონკურსის პროგრამებს შეეხება, ესწრებიან ჩვენი ევროპელი პარტნიორები ბრიუსელის ცენტრალური ოფისიდან, საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლებისა და სამეცნიერო კლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლები. მნიშვნელოვანია, რომ ქართველი მეცნიერები სრულფასოვნად ჩაერთონ ევროპულ კვლევებში, გამოიყენონ ის შესაძლებლობები, რომელსაც ევროკავშირი გვთავაზობს. თითოეული წარმატებული პროექტი წინ გადადგმული ნაბიჯია ქართული მეცნიერების ინტეგრაციისათვის ევროპულ სივრცეში,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა.