საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა საფრანგეთის ელჩთან საქართველოში, დიეგო კოლასთან, სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საელჩოს წარმომადგენლები: ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი პიერ კლუე, ატაშე სამეცნიერო მიმართულებით ელეონორ გარნიე, ლინგვისტური და საგანმანათლებლო სფეროს კოორდინატორი დავიდ ტერტრი.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო 2018 წლის 26 მაისს საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის გაფრომებულ შეთანხმებას „ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის პროექტი“, რომელიც მხარეთა ინსტიტუციონალურ თანამშრომლობას ითვალისწინებს უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევის სფეროში. აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე მიმდინარეობს მუშაობა ერთობლივი პროგრამების ასამუშავებლად ივანე ჯავახიშვილისა სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. გარდა ამისა, საფრანგეთის საელჩოს ინიციატივით დაგეგმილია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომელთა მობილობა საფრანგეთში, აგრეთვე, ფრანგი ექსპერტების ვიზიტი საქართველოში საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით.
საფრანგეთის ელჩის დიეგო კოლასის თქმით, მათი პრიორიტეტი ახალგაზრდების ხელშეწყობაა. შესაბამისად, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდთან თანამშრომლობით ახალგაზრდა მეცნიერების ხელშეწყობისათვის ახალი პროგრამის გამოცხადება იგეგმება, რაზეც ამ ეტაპზე ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს.
როგორც მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა აღნიშნა, სამომავლოდ მნიშვნელოვანია, რომ ქართველ სტუდენტებს ერთობლივი პროგრამების მრავალფეროვანი არჩევანი ჰქონდეთ საქართველოს უნივერსიტეტებში. მხარეებმა კონკრეტული საკითხების დეტალურად განსახილველად მომდევნო შეხვედრებიც დაგეგმეს.