საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეებმა, ირინა აბულაძემ და ეკატერინე დგებუაძემ, ესტონეთის რესპუბლიკის ელჩთან, კაი კაარელსონთან და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლებთან ერთად მხარეების სამწლიანი თანამშრომლობის შედეგები შეაჯამეს. თანამშრომლობის შედეგად, საქართველოს 15 სკოლაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სკოლების მართვისა და სწავლა-სწავლების მეთოდოლოგია.
შემაჯამებელ ღონისძიებაზე საპილოტე სკოლების დირექტორებმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ის ცვლილებები წარადგინეს, რაც მათ სკოლებში განხორციელდა. სამმხრივი პარტნიორობის ფარგლებში, შერჩეული საპილოტე სკოლების დაწყებით კლასებში ამოქმედდა დამტკიცებული სასწავლო გეგმა, შეიქმნა დამხმარე რესურსები სკოლამდელი და ზოგადი განათლების მასწავლებლების მოსამზადებლად და პროფესიული საქმიანობის წარმატებით დაწყებისათვის, ხოლო სახელმწიფო უნივერსიტეტებში დაინერგა საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები.
პარტნიორობის ფარგლებში ასევე, მოეწყო სასწავლო ტური ესტონეთში, სადაც საქართველოს შერჩეული სკოლების დირექტორები და მასწავლებლები გაეცნენ ესტონეთის განათლების სისტემის პოლიტიკასა და მიდგომებს სასწავლო გეგმასთან, მონიტორინგსა და ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. პროექტში ჩართული იყვნენ ესტონეთის უნივერსიტეტების სასწავლო გეგმის ექსპერტები და მეცნიერები.