განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეებმა ნუნუ მიცკევიჩმა და ეკატერინე დგებუაძემ კონფერენცია „უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის რეფორმა და განვითარების შესაძლებლობები“ გახსნეს.
კონფერენციის მიზანს საქართველოში, ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის მოთხოვნებისა (ESG 2015) და საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგის შესაბამისად, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემაში განხორციელებული რეფორმის მიმოხილვა წარმოადგენდა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპული რეესტრის (EQAR) დირექტორმა კოლინ ტუკიმ და სხვა ადგილობრივმა და საერთაშორისო ექსპერტებმა. მონაწილეებმა განიხილეს ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებისა და პროცედურების მიხედვით ჩატარებული ინსტიტუციური და პროგრამული შეფასებების შედეგები, აგრეთვე, სისტემის შემდგომი განვითარებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობის გაუმჯობესებისთვის საჭირო შემდგომი ნაბიჯები.
ღონისძიება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროექტის „ისწავლე საქართველოში“ მხარდაჭერით გაიმართა.