საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდ "აი-ფი-ეს საქართველოს"(IFES) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანს პროფესიული განათლების მასწავლებელთა მიერ სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის ამაღლება და სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელოების მომზადების ხელშეწყობა წარმოადგენს.
მემორანდუმს ხელი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, თამარ ქიტიაშვილმა და საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდის ხელმძღვანელმა ქეთევან მაისურაძემ მოაწერეს.
თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდება პროფესიული განათლების სფეროში სამოქალაქო განათლების ხელშემწყობი ღონისძიებები: გადამუშავდება სამოქალაქო განათლების მოდული, შეიქმნება სტუდენტთა სასწავლო რესურსები, მომზადდება მასწავლებლის გზამკვლევი. ამასთან, სამოქალაქო განათლების მასწავლებლები გაივლიან ტრენინგებს და შესაბამის მხარდაჭერას მიიღებენ სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. პროფესიულ სტუდენტებში მოქალაქეობრივი კომპეტენციების განვითარების საკითხებზე გაიმართება სამუშაო შეხვედრები და კონფერენციები სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით.