საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლებთან ერთად, პროფესიული განათლების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები შეაჯამა.
ერთთვიანი საინფორმაციო კამპანია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით განახორციელა, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა რეგიონული მასშტაბით, საზოგადოების ფართო მასებისათვის ინფორმაციის მიწოდება იმ საგანმანათლებლო სერვისების შესახებ, რომლებიც დღეს პროფესიული განათლების სისტემაშია ხელმისაწვდომი.
საინფორმაციო შეხვედრები 7 სხვადასხვა ქალაქში არსებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში გაიმართა, რომელსაც ვეტერანი მორაგბეები - ლექსო გუგავა და ნოდარ ანდღულაძე წარუძღვნენ. მორაგბეებმა საკუთარი წარმატებული ისტორიები და სხვადასხვა პროფესიების შესახებ ინფრომაცია 800-ზე მეტ მოსწავლეს გაუზიარეს, რაც დამატებითი სტიმულია ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ახლა გეგმავენ საკუთარ მომავლს.
დასკვნით ღონისძიებაზე, მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა საჯარო-ჯერძო პარტნიორობის მნიშვნელობას და კერძო სექტორს მადლობა გადაუხადა ჩართულობისთვის: „სწორედ კერძო სექტორის ინიციატივები და ჩართულობა განაპირობებს სისტემის წარმატებას. შესაბამისად, ჩვენ ერთად უნდა მოვძებნოთ გზები, თუ როგორ შეიძლება კიდევ უფრო ავამაღლოთ ხარისხი ჩვენ სისტემაში იმისათვის, რომ ჩვენი კურსდამთავრებულები იყვნენ კონკურენტუნარიანები, როგორც ეროვნულ ისე საერთაშორისო ბაზრებზე“.