სავაჭრო-სამრეწველო პალატამ დიპლომატიური კორპუსის, დონორი ორგანიზაციებისა და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებს ის პროექტები და ინიციატივები გააცნო, რომელთა განხორციელებასაც 2020 წლიდან იწყებს. პალატამ პრიორიტეტად პროფესიული განათლების სფერო განსაზღვრა და აღნიშნული მიმართულებით მომზადებული სამოქმედო გეგმაც წარადგინა.
შეხვედრას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი ესწრებოდნენ.
თამარ ქიტიაშვილმა თავის გამოსვლისას ისაუბრა პალატის როლზე პროფესიული განათლების მიმართულებით და ხაზი გაუსვა საჯარო-კერძო სექტორების მხრიდან პასუხისმგებლობების გაზიარების აუცილებლობას. მინისტრის მოადგილემ დაგეგმილ აქტივობებში სავაჭრო-სამრეწველო პალატას მხარდაჭერა გამოუცხადა და დონორ ორგანიზაციებს თანამშრომლობისკენ მოუწოდა.