დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ექსპოზიცია „მარადიული რომი. რომაული ქანდაკების შედევრები დინო და ერნესტა სანტარელის ფონდიდან“ გაიხსნა. ღონისძიებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი დაესწრო.
2019 წლის 11 დეკემბრიდან 2020 წლის 29 თებერვლამდე დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში წარმოდგენილი იქნება 33 სკულპტურული ნამუშევარი, რომელიც წარმოაჩენს ქანდაკების მხატვრული და სტილისტური განვითარების ეტაპებს რომის რესპუბლიკის ხანიდან ნეოკლასიციზმის ეპოქამდე. გამოფენაზე დამთვალიერებელი იხილავს ქანდაკების თითქმის ორი ათასი წლის ისტორიას მარმარილოში, ალებასტრსა თუ პორფირში გამოკვეთილ რომაელთა სახეებს და, ასევე, ანტიკური მითოლოგიის პერსონაჟებსა და ქრისტიანობის მთავარ ფიგურებს.
ექსპოზიცია „მარადიული რომი. რომაული ქანდაკების შედევრები დინო და ერნესტა სანტარელის ფონდიდან“ პროგრამა "Vivere ALL’italiana"-ს ნაწილია და ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში ჩატარებული იტალიური გამოფენების გაგრძელებაა.
აღნიშნული გამოფენა ორი ქვეყნის ინსტიტუციებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია. ქართული მხრიდან: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და საქართველოს ეროვნული მუზეუმი და იტალიური მხრიდან: იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, იტალიის საელჩო თბილისში და „დინო და ერნესტა სანტარელის ფონდი“. გამოფენები მომზადდა იტალიურ კომპანია Glocal Project Consulting-თან თანამშრომლობით.