საქართველოს ხელოვნების სასახლეში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეები ლევან ხარატიშვილი და ბადრი მაისურაძე, წიგნის „ქართველთა თავსაბურავი“ პრეზენტაციას დაესწრნენ.
600 გვერდიანი, ორენოვანი კატალოგი ფართომასშტაბიანი სამეცნიერო პროექტის ნაწილია და „ქსოვილი საქართველოდან“ გამოცემის მეორე ტომს წარმოადგენს. ენციკლოპედიურ ნაშრომში შესულია როგორც ხელოვნების სასახლის, ასევე, ამავე სასახლის ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმის კოლექციები. იგი 500-ზე მეტ მაღალი ხარისხის ილუსტრაციას მოიცავს და ადრეული შუა საუკუნეებიდან მე-19 საუკუნუმდე ქართველთა ჩაცმულობის ისტორიაზე გვიყვება. წიგნს ქართული გვირგვინების, ქუდებისა და ქსოვლის გრაფიკული ფორმების სამი ატლასი ერთვის.
პროექტის ფარგლებში, წიგნის პრეზენტაციასთან ერთად,ქართული ისტორიული ქსოვილისა და თავსაბურავის გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიცია თინათინ კლდიაშვილისა და ეკატერინე გეგუჩაძის მიერ ისტორიული ფრესკების მიხედვით აღდგენილ ქსოვილებსა და იმ უნიკალურ ქართულ სარიტუალო გვირგვინს აერთიანებს, რომელსაც საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თავდაპირველი იერსახე დაუბრუნდა. რესტავრატორებისა და იუველირების მიერ 6 თვის განმავლობაშიგანხორციელებული სარესტავრაციო სამუშაოების შედეგად გვირგვინი უწინდებურად წარმოდგენილია 48 ბრილიანტით, 1 დიდი ოქროსფერი სამეფო ტოპაზით, 7 ზურმუხტით, 48 ძოწით, 19 ჟადეიტით, 12 ფირუზით, 8 ციტრინითა და 12 მთის ბროლით.
პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.