საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის უმაღლესი კომისრის პოლიტიკურ მრჩეველთან, მარკ ფუმაგალისთან და საქართველოში ეუთო-ს ოფისის წარმომადგენელთან, ნინო გოგოლაძესთან, სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა ეთნიკური უმცირესობებისთვის ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის ხელშეწყობაზე ისაუბრეს და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა განათლების სფეროში საქართველოსა და ეუთო-ს შორის მრავალწლიანი თანაშრომლობის მნიშვნელობას და სტუმრებს ეთნიკური უმცირესობებისთვის განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროგრამები გააცნო.
სამუშაო შეხვედრისას საუბარი შეეხო არაქართულენოვან სკოლამდელ და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ბილინგვური განათლების დანერვას. მხარეებმა, ასევე, განიხილეს ეროვნული უმცირესობებისთვის მშობლიური ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოების შექმნის აუცილებლობა.
ეუთო-ს წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათთვის განათლების სფერო პრიორიტეტულია და თანამშრომლობა საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან კვლავ აქტიურად გაგრძელდება.