2019 წლის 21-23 ნოემბერს, პორტუგალიაში, ევროპის მუზეუმების ფორუმის ყოველწლიური პრემიის კონკურსის - „EMYA”-ს ჟიურის სხდომა გაიმართა, რომელზეც საქართველოს ხელოვნების სასახლე ევროპის წლის საუკეთესო მუზეუმის პრემიის ნომინანტთა შორის დასახელდა.
ევროპის მუზეუმების ფორუმი/European Museum Forum ევროპის კონტინენტის წამყვანი სამუზეუმო ინსტიტუციაა, რომელიც ხელს უწყობს ევროპის მუზეუმების განვითარებასა და პოპულარიზაციას, სამუზეუმო საქმეში ინოვაციური მიდგომებისა და მუზეუმის პროფესიონალთა შორის საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარების მხარდაჭერით.
EMYA (European Museum Year Award) - ევროპის წლის მუზეუმის პრემია - ევროპის საბჭოს ეგიდით 1977 წელს დაწესდა და მიზნად ისახავს მოწინავე გამოცდილების გამოვლენასა და აღიარებას ევროპის სამუზეუმო სივრცეში, ხელს უწყობს ევროპის მუზეუმებში დაცული კოლექციებისა და ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას და, ზოგადად, ინოვაციური პროცესის განვითარებას სამუზეუმო სამყაროში.
EMYA-ს კონკურსის გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოების ცერემონია 2020 წლის 2 მაისს ევროპის მუზეუმების ფორუმის ყოველწლიურ კონფერენციაზე, დიდი ბრიტანეთის ქალაქ კარდიფში, უელსის ეროვნულ მუზეუმში გაიმართება.