განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ლევან ხარატიშვილმა ბრიტანეთის საბჭოს დირექტორს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში ზაზა ფურცელაძეს და ბრიტანეთის საბჭოს რეგიონულ დირექტორს ჯოანა ბურკს უმასპინძლა.
შეხვედრაზე მხარეებმა სამინისტროსა და ბრიტანეთის საბჭოს ერთობლივ პროექტებზე სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს. მინისტრის მოადგილემ პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი“ შესახებ ისაუბრა, რომელიც უმაღლესი სასწავლებლების მონაწილეობით, სტუდენტებისა და ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით, საქართველოში წარმატებით ხორციელდება. ბრიტანეთს საბჭოს მიერ ინიცირებული „შემოქმედებით ნაპერწკლის“ საგრანტო პროგრამაა, რომელიც პირველად 2018 წელს გამოცხადდა და მიზნად უმაღლეს განათლებაში მეწარმეობითი აზროვნების დანერგვას ისახავს. პროექტის მიზანია გააღვივოს დიალოგი სტუდენტებს, აკადემიური, არასამთავრობო, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებს შორის. ხელი შეუწყოს შემოქმედებითი მეწარმეობის სექტორში ჩართულ და სექტორით დაინტერესებულ ადამიანებს შორის კავშირების ჩამოყალიბებას, ინფორმაციის გავრცელებასა და გაზიარებას. მხარეებმა ერთმანეთს ასევე გაუზიარეს გამოცდილება შემოქმედებით ინდუსტრიების კუთხით.
ჯოანა ბურკი საქართველოში სპეციალურად ბრიტანული სეზონის დასკვნით ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა. ეს მისი პირველი ვიზიტია სამხრეთ კავკასიაში.
დიდი ბრიტანეთის სეზონი საქართველოში ორ ქვეყანას შორის მეგობრობას ეძღვნება. იგი 60-ზე მეტ ღონისძიებას მოიცავდა. 3 თვის მანძილზე, ბრიტანული სეზონის ფარგლებში, თბილისსა და სხვადასხვა რეგიონში არაერთი ღონისძიება ჩატარდა: პირველად გამოიფინა დავით აღმაშენებლის მეფობის დროს მოჭრილი უნიკალური მონეტა, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან თანამშრომლობით გაიმართა „სტარტაპ გრიდი“, ჩატარდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ხელოვნების ფორუმი, დამწყები კინორეჟისორებისთვის გამოცხადდა 90 წამიანი ფილმების კონკურსი DepicT და სხვა.