საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში ინტეგრირების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, 22 აპრილიდან სსიპ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის ინიციატივით, პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“ ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ თაზიქენდის პირველ საჯარო სკოლაში, ადგილობრივი და სოფ. ალგეთიდან ჩამოსული ახალგაზრდებისთვის, მეცნიერებმა და ხელოვანებმა თემატური ლექციების მეშვეობით, ქართულ - აზერბაიჯანულ სამეცნიერო და კულტურულ ურთიერთობებსა და კულტურული დიალოგის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის გაიმართა ასევე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამების/მიმართულებების გაცნობა - „პროფორიენტირი“; მოეწყო ბოლო დროის ქართული მოკლემეტრაჟიანი, ფილმების ჩვენება. ადგილობრივი საჯარო სკოლების ბიბლიოთეკებს გადაეცა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული წიგნები.
მარნეულის კულტურის ცენტრში, ადგილობრივი მოსახლეობისათვის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა სპექტაკლი „სარა, ბარა ბზია ბზოიტ, ანუ მე შენ მიყვარხარ" გამართა. თეატრალური პროექტი, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა, ქართულ-აფხაზურ კონფლიქტს, გაყინულ ურთიერთობებს და ორ ხალხს შორის სავალი გზების ძიების პრობლემას ეხმიანება.