პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, სიტყვით წარსდგა. მინისტრმა ვრცლად ისაუბრა კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, 2019 წელს განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებზე.
„უნდა აღვნიშნო, რომ სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში გახდა განათლება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, როგორც მნიშვნელოვანი ფაქტორი ქვეყნის განვითარებისთვის და დაიწყო განათლების სისტემის კომპლექსური რეფორმა. 2019 წელს ჩვენმა ხელისუფლებამ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვით არსებული თუ ნებისმიერი მომავალი ხელისუფლება 2022 წლიდან ვალდებული იქნება, ჩვენი მშპ-ს 6%, ანუ ბიუჯეტის 1/4 ყოველთვის მიმართოს განათლებაზე და ადამიანურ კაპიტალზე. იქამდე კი განათლებაზე მიმართული ბიუჯეტი ყოველწლიურად, განუხრელად იზრდება.
რეფორმის განხორციელებისას უმნიშვნელოვანესია პედაგოგის პროფესიის დაფასება, მათი ღვაწლისა და როლის წარმოჩენა. სწორედ ამიტომ, 2019 წელს საპენსიო ასაკს მიღწეულ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებმაც ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე პროფესიიდან გასვლა გადაწყვიტეს, სახელმწიფოსგან ერთჯერადი ფულადი ჯილდო - ორი წლის ჯამური ხელფასი გადაეცათ. რეფორმა ორ ეტაპად განხორციელდა. 6450-მდე მასწავლებელმა ჯილდო უკვე მიიღო და დამატებით 1600 კიდევ მიიღებს. წლის ბოლომდე ეს ციფრი შესაძლოა გაიზარდოს.
ასევე, 2019 წელს, რეფორმის შედეგად, საჯარო სკოლების კარი გაიხსნა ახალი მასწავლებლებისთვის. ამ სასწავლო წლიდან სისტემაში 1900-მდე ახალგაზრდა კვალიფიციური კადრი შემოვიდა.
განათლების რეფორმის ფარგლებში, 2019 წლის 1 ოქტომბრიდან პედაგოგებს, რომლებსაც აქვთ სტატუსი, ანაზღაურება, საშუალოდ, 150 ლარით გაეზარდათ. ეს პროცესი მომდევნო წლებშიც გაგრძელდება. 30%-ით გაიზარდა პროფესიული განათლების მასწავლებელთა ანაზღაურება. რეფორმის ეს ნაწილი ემსახურება განათლების სისტემის უმთავრესი შემადგენლის - მაღალი დონის პედაგოგიური კორპუსის ჩამოყალიბებას.“-განაცხადა მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.