პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, 2019 წელს განხორციელებულ და დაგეგმილ მასშტაბურ ინფრასტუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.
„უდიდესი მნიშვნელობა აქვს განათლების სისტემის განვითარებას რეგიონებში. ამ მხრივ გამორჩეული პროექტია ბათუმში განათლებისა და მეცნიერების ქალაქის მშენებლობა. სულ რამდენიმე დღის წინ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად პროექტის ფარგლებში თბილისის ვლადიმირ კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის ფილიალისა და საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობის ადგილზე სიმბოლური კაფსულა ჩავდეთ.
250 მოსწავლეზე გათვლილ კომაროვის სკოლის ბათუმის ფილიალის თანამედროვე ტიპის შენობაში მოეწყობა საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო და სპორტული დარბაზები, ასევე, სპორტული მოედანი. სკოლა აღიჭურვება თანამედროვე სასკოლო ინვენტარით. პროექტის ფარგლებში აშენდება 100 მოსწავლეზე გათვლილი საცხოვრებელი კამპუსი.
პროექტი ასევე ითვალისწინებს კომაროვის სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე პროფესიული სასწავლებლის „ბლექსის“, მულტიფუნქციური ცენტრისა და ხელოვნების სკოლის მშენებლობას. ანალოგიური განათლების ქალაქი შენდება თბილისში, იგეგმება მშენებლობები სხვა ქალაქებშიც.
განათლების რეფორმის ერთ-ერთ პრიორიტეტს თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნა წარმოადგენს, რომელიც ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო პროცესის თანამედროვე და ტექნოლოგიურად გამართულ გარემოში წარმართვას. ამასთანავე, მნიშვნელოვანია სწავლების ყველა ეტაპზე როგორც უახლეს ტექნოლოგიებთან წვდომის გაზრდა, ასევე მომავალ თაობაში პროფესიული უნარების განვითარება და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება.
2019 წელს დასრულდა 6 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა; მიმდინარეობს 28 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა; დასრულდა 38 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია; მიმდინარეობს 2 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია.“-განაცხადა მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.