საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, მოზარდებისთვის პროფესიული და მასოვრივი სპორტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„წელს მონაკოში საერთაშორისო ორგანიზაციის „მშვიდობა და სპორტი“ ინიციატივით გამართულ ფორუმზე, რომლის მთავარი თემა იყო „განათლება მდგრადი მშვიდობისთვის სპორტის მეშვეობით“, მე ვისაუბრე როგორც პროფესიული სპორტის, ასევე მასობრივი სპორტის განვითარების მნიშვნელობაზე - სკოლამდელ ფიზიკურ აღზრდაზე, სასკოლო სპორტსა და ფიზიკურ აღზრდაზე, საუნივერსიტეტო სპორტსა და მიმართულებაზე „სპორტი ყველასათვის“.
მართლაც, სპორტის, ფიზიკური აქტივობის როლი უმნიშვნელოვანესია ჯანსაღი ახალი თაობების აღზრდის საქმეში, მდგრადი მშვიდობის უზრუნველსაყოფად. ამავე დროს, სპორტი ერთ-ერთი ძლიერი საშუალებაა ქვეყნის პოპულარიზაციისათვის. ამიტომ, სპორტის ხელშეწყობა ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.
წლიდან წლამდე იზრდება სპორტის დაფინანსება. შედეგებიც სახეზეა:2019 წლის 11 თვის მონაცემებით მედლების რაოდენობა შეადგენს - 1215-ს, რაც სარეკორდო მაჩვენებელია ქართული სპორტის ისტორიაში. მათგან 446 ოქროა.
პირველად ისტორიაში, ერთი წლის განმავლობაში ოლიმპიურ სახეობებში მსოფლიოს 6 ჩემპიონი გვყავს. (ლუხუმ ჩხვიმიანი (ძიუდო), ბექა ლომთაძე, გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა), ნუგზარ წურწუმია, ლაშა გობაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა), ეთერ ლიპარტელიანი გახდა პირველი ქართველი ძიუდოისტი ქალი, რომელმაც ახალგაზრდებში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა.
ანა ხუნჯუა ევროპის ჩემპიონატის პირველი მედალოსანია კრივში (ახალგაზრდებში)
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მასობრივ სპორტს. თბილისსა და 62 მუნიციპალიტეტში გაიმართა მასობრივი სპორტული ღონისძიება „ევროპის სპორტის კვირეული“. ესაა 100 - მდე სპორტული აქტივობა 40-მდე სახეობაში, მონაწილეთა რაოდენობა კი 35 000-მდეა.
აქტიურ ფაზაშია 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადისთვის მზადება; რისთვისაც ქართველ სპორტსმენებს მაქსიმალური მხარდაჭერა აქვთ და ექნებათ სახელმწიფოს მხრიდან.
სახელმწიფო განსაკუთრებულ მხარდაჭერას უცხადებს პარასპორტს, სადაც ბოლო დროს დიდი წარმატებები გვაქვს. პარასპორტული თამაშების ჩემპიონებს ოლიმპიური ჩემპიონების ანალოგიურად, ყოველთვიური 1000-ლარიანი სტიპენდია დაენიშნათ.“-განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.