საქართველოს ეროვნულმა ფედერაციამ „სპორტი ყველასათვის“ 2019 წელი შეაჯამა. ფედერაციის პრეზიდენტმა მაია აზარაშვილმა განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
საანგარიშო სესიას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტის განვითარების დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი დოლაბერიძე, სამინისტროსა და ფედერაციის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
მასობრივი სპორტის განვითარების მიმართულებით ფედერაციამ არაერთი პროექტი განახორციელა. წელს საქართველო მეექვსედ შეუერთდა სპორტის საერთაშორისო დღის აღნიშვნას. განსაკუთრებით აღსანიშნავია „თეთრი ბარათების“ კამპანია, რომელშიც სახელოვანი სპორტსმენები ჩაერთნენ. კამპანიამ საერთაშორისო ორგანიზაციის „მშვიდობა და სპორტი“ მოწონება დაიმსახურა, რის შედეგადაც საქართველო ორგანიზაციის მიერ დაწესებული პრემიის ნომინანტთა შორის მოხვდა.
გარდა ამისა უნდა აღინიშნოს ევროპის სპორტის კვირეული. კვირეულის ფარგლებში სპორტულ ღონისძიებებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 25 000-მდე ადამიანი იღებდა მონაწილეობას. ერთი კვირის მანძილზე, ქვეყნის 60-მდე მუნიციპალიტეტში სპორტის 30-მდე სახეობა და 100-მდე სპორტული აქტივობა იყო წარმოდგენილი.
ფედერაცია აქტიურად იყო ჩართული მსოფლიო სპორტის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო ღონისძიების - მსოფლიო რბენა - Wings for Life World Run ორგანიზებაში. მარათონმა სტარტი ლოპოტას ტბის გადასახვევიდან აიღო. საქართველოში რბენაში მონაწილეობა 7000-მა, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით - 120 000-მა მონაწილემ მიიღო. 2019 წელს მსოფლიო რბენა 72 ქვეყნის 323 ლოკაციაზე გაიმართა.
ფედერაციამ „სპორტი ყველასათვის“ უკვე დაიწყო 2020 წელს დაგეგმილი ღონისძიებებისთვის მზადება. ცნობილია, რომ მსოფლიო რბენა მომავალი წლის 3 მაისს გაიმართება და რაც ყველაზე მთავარია, საქართველო კვლავ ირბენს მსოფლიოსთან ერთად.