საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ნუნუ მიცკევიჩი, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) მიერ ორგანიზებულ შემაჯამებელ კონფერენციას „Rustaveli-DAAD-ის ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამა: პროექტების პრეზენტაცია“ დაესწრო და საზოგადოებას სიტყვით მიმართა. ღონისძიებას, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა, DAAD-ის თბილისის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი გებჰარდ როილი და საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს კულტურის ატაშე ბარბარა დე ჩაშელიც ესწრებოდნენ.
კონფერენციის ფარგლებში „Rustaveli-DAAD“-ის სასტიპენდიო პროგრამის 2019 წლის საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტების პრეზენტაცია გაიმართა და თემატური პოსტერები გამოიფინა.
სიტყვით გამოსვლისას მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა აღნიშნა, რომ სამინისტროსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია სამეცნიერო მიმართულების ინტერნაციონალიზაცია. მისი თქმით, პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული ახალგაზრდები საუკეთესო მაგალითია მეცნიერების ინტერნაციონალიზაციისა და ახალგაზრდა მეცნიერების მხარდაჭერისა. „Rustaveli-DAAD“-ის სასტიპენდიო პროგრამის საშუალებით მათ მიეცათ შესაძლებლობა, მეტი კონტაქტი ჰქონდეთ უცხოელ კოლეგებთან და გაეცნონ უახლეს ტექნოლოგიებსა და მეთოდოლოგიებს. მნიშველოვანია ისიც, რომ ახალგაზრდა მეცნიერების ცოდნა და უნარ-ჩვევები მომავალში ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას მოხმარდეს.
„Rustaveli-DAAD“-ის სასტიპენდიო პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდა მეცნიერებისა და დოქტორანტების სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის განვითარებას, საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირებას, ხარისხიანი სადოქტორო განათლების მიღებასა და საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებას.