საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, ქართული მეცნიერების განვითარების საქმეში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2019 წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი იქნება ჭეშმარიტად ევროპული საგანმანათლებლო სივრცე, რომლის აკადემიურ ცხოვრებაში უცხოეთში მოღვაწე ქართველი მეცნიერები აქტიურად ჩაერთვებიან.
„ქართულ მეცნიერებაზე და მის განვითარებაზე საუბრისას, მინდა განსაკუთრებულად გამოვყო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც მთლიანად ფონდ „ქართუს“ მიერ არის დაფინანსებული.
უნივერსიტეტის ბაზაზე შეიქმნება ადრონული თერაპიის ცენტრი, სადაც ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობასთან ერთად უაღრესად დიდი ყურადღება მიექცევა სამეცნიერო კვლევით პროცესს. საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ქართველ პროფესორებთან ერთად ჩაერთვებიან მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორები და ერთობლივი კვლევები განხორციელდება როგორც მედიცინის, ასევე სამედიცინო ფიზიკისა და ბირთვული ფიზიკის მიმართულებით,“ - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.