საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი ინკლუზიური პროფესიული განათლების თემაზე გამართულ შემაჯამებელ შეხვედრას დაესწრო.
ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვების“ მხარდაჭერით გამართულ ღონისძიებაზე, მონაწილეებმა განიხილეს როგორც 2019 წელს ინკლუზიური პროფესიული განათლების მიმართულებით უკვე განხორციელებული, ასევე, 2020 წლისთვის დაგეგმილი პროექტები.
როგორც თამარ ქიტიაშვილმა ხაზი გაუსვა, ინკლუზიური პროფესიული განათლების დანერგვის ინიციატივის ქვეშ, 2019 წელს შემუშავდა არა მხოლოდ ახალი მარეგულირებელი აქტი, არამედ გაფართოვდა ჩართულ პირთა რაოდენობა, დაიხვეწა ის სერვისები და ის მექანიზმები რომლებიც ხელს უწყობს სხვადასხვა საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა ჩართულობას. თუმცა, ეს არ არის საკმარისი, 2020 წლიდან, სამინისტრო დაიწყებს ახალ პროგრამას, რომელიც ინკლუზიურ განათლებას მოიაზრებს როგორც უფრო ფართო ცნებას და მასში არა მხოლოდ შეზღუდელი შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა ჩართულობას იგულისხმებს, არამედ შესაბამის საჭიროებაზე მორგებულ სერვისებსა და მექანიზმებს, სხვადასხვა ტიპის სოციალურად მოწყვლად პირებსაც შესთავაზებს.
შემაჯამებელ შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ასევე სპეციალური საგანმანთლებლო საჭიროების მქონე პირების პროფესიული ორიენტაციის ხელშესაწყობად შექმნილი პროფესიების ანალიზის ინსტრუმენტი და უნივერსალური დიზაინის პრინციპებზე დაფუძნებული პროფესიების გასაცნობი ვიდეო რგოლები.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ როგორც პროფესიული კოლეჯების დირექტორები და ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტები, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.