საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, საზოგადოებას სიტყვით მიმართა და უნივერსიტეტის სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს იუბილე მიულოცა.
მიხეილ ჩხენკელი: „თელავის უნივერსიტეტი მეტია, ვიდრე საგანანმანათლებლო დაწესებულება - იგი ჩვენი კულტურისა და წიგნიერების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, და, ამავდროულად, რეგიონისა და ქვეყნის თანამედროვეობის ძლიერი დასაყრდენი.
მადლობას გიხდით პროფესორებსა და მეცნიერებს, ვინც დღეს გადასცემთ ფასდაუდებელ ცოდნასა და გამოცდილებას ქვეყნის ხვალინდელი დღის მშენებლებს - ახალგაზრდობას; სტუდენტებს, ვინც ცოდნის დაუფლებით არა მხოლოდ საკუთარ ღირსეულ მომავალს, არამედ ახალ - განათლებულ და თავისუფალ ადამიანთა საქართველოს ქმნით. მადლობა ყველა თანამშრომელს, ვინც დაუღალავად ემსახურებით უნივერსიტეტის განვითარებას.
მინდა გაცნობოთ, რომ სამინისტროს უკვე დაგეგმილი აქვს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის გარე ფასადის განახლებისა და რეაბილიტაციის სამუშაოების დაფინანსება. ასევე, საერთაშორისო ფონდებთან ერთად, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეოთხე კორპუსის აღდგენა-რეაბილიტაციაში მონაწილეობა. განახლებული, თანამედროვე ლაბორატორიებით აღჭურვილი კორპუსი აგრარული მიმართულებით სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების რეგიონულ ცენტრად ჩამოყალიბდება. გარდა ამისა, თელავის უნივერსიტეტის წიაღში მეღვინეობისა და მევენახეობის პროფესიული სასწავლებელი აღმოცენდება, რომელიც გერმანელ პარტნიორებთან თანამშრომლობით დაფუძნდება. ყველა სასიკეთო წამოწყებაში ჩვენი თანადგომა კვლავაც გაგრძელდება.“
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის საიუბილეო ღონისძიება თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა და მასში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა მიიღეს.
საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში უნივერსიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგის მქონე სტუდენტი დაასაჩუქრეს.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი იყალთოს აკადემიისა და თელავის საფილოსოფოსო-საღვთისმეტყველო სკოლის უდიდესი ტრადიციების გამგრძელებელია.
1939 წელს თელავში სამასწავლებლო ინსტიტუტი ჩამოყალიბდა, რომელიც მოგვიანებით პედაგოგიურ ინსტიტუტად გადაკეთდა. 1999 წელს კი მას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსი მიენიჭა.
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი კახეთის რეგიონში ერთადერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც უდიდეს როლს ასრულებს რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში.