საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საავიაციო უნივერსიტეტის სასწავლო ბაზა – ქალაქ თელავის ერეკლე II-ის სახელობის აეროპორტი „მიმინო“ – დათვალიერა და ახალი "Tecnam"-ის ორძრავიანი ტიპის თვითმფრინავის პრეზენტაციას დაესწრო. მინისტრმა თავადვე გამოსცადა ახალი თვითმფრინავის შესაძლებლობები.
პრეზენტაციას საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის რექტორი სერგო ტეფნაძე, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი ესწრებოდნენ.
თელავის აეროპორტში, რომელიც თანამედროვე სასწავლო მატერიალურ-ტექნიკური ბაზით და საჰაერო ხომალდებით არის აღჭურვილი, საფრენოსნო და საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტები პრაქტიკულ მომზადებას გადიან. აეროპორტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურების საწარმო, აეროვაგზლის შენობა მგზავრებისათვის და საერთო საცხოვრებელი პილოტ-ინსტრუქტორებისა და საინჟინრო-ტექნიკური პერსონალისთვის.