საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი საერთაშორისო კომპანია IBA-ის ევროპის რეგიონულ დირექტორს ენდრიუ დაიკსა და ამავე კომპანიის ადმინისტრაციულ დირექტორს საბინ დე ვოგელს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი, ამავე ფონდის პროექტების ხელმძღვანელი ვახტანგ ცაგარელი და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე თევზაძე.
შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს ადრონული თერაპიის ცენტრის განვითარების შესახებ, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე შეიქმნება და ამ მიმართულებით კომპანია IBA-თან თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
IBA წარმოადგენს საერთაშორისო ლიდერ კომპანიას, რომელიც ავითარებს და აწარმოებს პროტონული თერაპიის დანადგარებს ონკოლოგიურ დაავადებათა სამკურნალოდ. კომპანიის წარმომადგენლებმა ქართულ მხარესთან განიხილეს ციკლოტრონის ტიპის ამაჩქარებლები, რომლებიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევით და სამედიცინო ცენტრებში განთავსდება.
პროექტის განხორციელების შედეგად საქართველო ჩაერთვება პროტონული თერაპიის ცენტრების საერთაშორისო ქსელში, განხორციელდება თანამედროვე კვლევები ბირთვულ ექსპერიმენტულ ფიზიკაში, რადიაციულ ბიოფიზიკასა და ქიმიაში. პროტონული თერაპიის ცენტრი იქნება ერთადერთი რეგიონული მასშტაბით, სადაც შესაძლებელი იქნება ონკოლოგიური დაავადებების თანამედროვე მეთოდებით მკურნალობა.