საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა, ტურიზმის მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს, რომლებმაც კომპანიაში „აღმოაჩინე საქართველო“ სტაჟირება წარმატებით გაიარეს, სერტიფიკატები გადასცა.
აღნიშნული ტურისტული კომპანია მრავალი წელია თანამშრომლობს სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებასთან და ტურიზმის მიმართულების სტუდენტებსა თუ კურსდამთავრებულებს სთავაზობს, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების კონტექსტში, რეალურ სამუშაო გარემოში პრაქტიკული კომპონენტისა და სერტიფიცირებული სტაჟირების გავლის შესაძლებლობას, რაც თავის მხრივ, ზრდის კურსდამთავრებულთა დასაქმების შესაძლებლობას როგორც კომპანიაში „აღმოაჩინე საქართველო“, ისე სხვა ტურისტულ სააგენტოებში.
თანამშრომლობა ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტის (სეუ) აქტიური მხარდაჭერით.
კომპანიის ბაზაზე არსებული ტურიზმის სასწავლო ცენტრის მისიას წარდმოაგენს ტურიზმის სფეროში სტუდენტების ჩართულობის ხელშეწყობა, არსებული კადრების გადამზადება, მათი ცოდნის ამაღლება, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაუმჯობესება, ტურისტული სერვისების დახვეწა და სტუმართმოყვარე გარემოს შექმნა.
ტურისტული კომპანია „აღმოაჩინე საქართველო“ ყოველთვიურად ახორციელებს სტაჟირების ციკლს როგორც სტუდენტთათვის, ასევე, ტურიზმის სფეროთი დაინტერესბული ნებისმიერი პირისთვის.